Wednesday, December 23, 2009

Toilet.cam

ის კაცი, რომელმაც გამზარდა, მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო. შენი მშობლები მაშინ გარდაიცვალნენ, როდესაც ატაკამას უდაბნოში ერთერთი ყველაზე მხურვალე დღე იდგაო. როგორც ის კაცი მიყვებოდა მამაჩემი და დედაჩემი ჩილეში, ატაკამას უდაბნოს ერთერთ ყველაზე ცხელ ადგილას, ქალაქ კოპიაპოში ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც სიცხეთა სიცხე ყოფილა, ღამე ძილი შეუძლებელი გამხდარა და მამაჩემს და დედაჩემს გადაუწყვეტიათ მაცივრის კარი გამოვაღოთ, იქვე, იატაკზე ზეწარი გავშალოთ და იმაზე დავიძინოთო. ასეც უქნიათ. დილას კი ვერცერთმა ვერ გაიღვიძა. საქმე იმაშია, რომ თავები გაღებული მაცივრისკენ უქნიათ და თურმე იმ მაცივარს ისეთი უბედური გაყინვა შეეძლო, ჩემი მშობლებიც გაყინა. როდესაც მკვდრები ნახეს ერთმანეთზე ისე ყოფილან მიყინულნი გარეთ გაუყვანიათ და მზის გულზე დაუწვენიათ, იქნებ გალღვნენ და ერთმანეთს დავაცილოთო, მაგრამ არ ინება ღმერთმა მამაჩემის და დედაჩემის ერთი მეორისგან დაშორება და ხალხსაც სხვა გზა არ ჰქონდა – ერთ, ძალიან განიერ კუბოში ჩააწვინეს და იქვე, თავიანთი სახლის ეზოში დამარხეს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მჯეროდა ამ ამბის, მაგრამ ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, ჩემთვის ავტორიტეტი იყო და ძალაუნებურად უნდა დამეჯერა ჩემი მშობლების უცნაური გარდაცვალება. როგორც უკვე გითხარით, ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, ჩემთვის ავტორიტეტი იყო. დიახ, სწორედაც რომ იყო და აღარ არის – ის გუშინ გარდაიცვალა და შემიძლია თამამად განვაცხადო არც მისი გარდაცვალება იყო ჩემი მშობლების გარდაცვალებაზე ნაკლებად უცნაური: ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა _ ნესტოები გაიფართოვა. ოპერაციამდე ისეთი პატარა ნესტოები ჰქონდა თითქმის ვერ სუნთქავდა. ხოდა, ნესტოების გაფართოების შემდეგ ისეთი სუნთქვა დაიწყო, რომ ჩასუნთქვისას გარშემომყოფთ უჰაერობა სტანჯავდა. ერთი კვირის წინ სახლიდან რომ გავიდა, ბაღში ყვავილების მორწყვას აპირებდა, კიბეზე ფეხი აუსრიალდა და პირდაპირ სახით მიწას დაენარცხა. გახარებულმა, აქაოდა არაფერი მომსვლიაო, მიწაზე დადებული ცხვირით ღრმად ჩაისუნთქა და პირით ამოისუნთქა. მართლაც არაფერი მოსვლია, მხოლოდ მუხლები ჰქონდა გადაყვლეფილი, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული ექვსი დღის განმავლობაში გიჟივით დადიოდა და იძახდა ტვინი მეფხანებაო და თავს ისე იფხანდა სისხლები სდიოდა. როცა მიხვდა ფხანვაში თმა მიშლის ხელსო, თავი გადაიპარსა. იფხანდა და იფხანდა, სულ დასისხლიანებული იყო. ექიმთან რომ მივიდა, იმან უთხრა, ნერვების ბრალიაო და დამამშვიდებლები დაუნიშნა, მაგრამ არაფერმა უშველა და მიწაზე დანარცხებიდან ექვსი დღის თავზე გარდაიცვალა. როდესაც გაკვეთეს, მის ტვინში სამი ჭიანჭველა და ერთიც ჭიამაია იპოვნეს. ცოცხლები. თურმე, რომ დაცემულა და სიხარულისგან ცხვირით ღრმად ჩაუსუნთქავს და პირით ამოუსუნთქავს, აქაოდა არაფერი მომსვლიაო, შესუნთქვისას ჭიანჭველები და ჭიამაიაც პირდაპირ სასუნთქ მილში გადაუშვია. როგორ და რა გზით მოხვდნენ ჭიანჭველები და ჭიამაია ტვინში, ეს ჩემთვისაც და ექიმებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, მაგრამ რომც გაგვეგო, როგორ მოხვდნენ მის ტვინში ეს მკვლელი მწერები, საქმეს მაინც არ ეშველებოდა – ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, უკვე მორგში, საოპერაციო მაგიდაზე იწვა ქალაახდილი და გაკვეთილი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნება ბაბუაშენის ადვოკატი ვარ და ბაბუაშენის ანდერძი უნდა გადმოგცეო. გადმომცა, ხვალ დამირეკეო მითხრა, სავიზიტო ბარათი დამიტოვა და წავიდა. ანდერძთან ერთად პატარა გასაღებიც მომცა. აქამდე, ანდერძი მხოლოდ ზღაპრებში მსმენია, მაგალითად, მდიდარი მევახშე რომ კვდება და მომაკვდავს შვილები ესევიან და ეხვეწებიან, ანდერძი დატოვეო. რაღაც უჩვეულო კი იყო ეს ანდერძი, მაგრამ თუ არ ვნახავდი ვერასოდეს გავიგებდი რა ეწერა მასში და საერთოდ, ანდერძის ხიბლს ვერასოდეს გავიგებდი. გავხსენი ოფიციალურად დალუქული კონვერტი და დავიწყე კითხვა. ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო და რომლის დარი ავტორიტეტიც ჩემთვის არავინ ყოფილა, ანანისტი აღმოჩნდა! დიახ, ანანისტი! ანანისტი და მატყუარა: ჩემი მშობლები არც ატაკამას უდაბნოში ცხოვრობდნენ და არც მაცივარს მოუკლავს ისინი. დედაჩემი ერთი ბინძური, დალასელი ძუკნა იყო, რომელიც თავისნაირივე ნაბიჭვრისგან დაორსულდა და გამაჩინა. გამაჩინა თუ არა, მიუსაფარ ბავშვთა სახლის კართან დამაგდო და წავიდა. ალბათ, ახლაც ცოცხალია და სადმე ცხოვრობს, ფურგონში. ის კაცი კი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ბაბუაჩემი არ ყოფილა და ბავშვთა სახლიდან იმიტომ წამოვუყვანივარ, რომ მარტო ცხოვრება ეზარებოდა და იცოდა, მალე ასაკში შევიდოდა და ვინმე დამხმარე დასჭირდებოდა, აი ისეთი, წყალს რომ მოუტანდა, ლუდზე რომ გააგზავნიდა... ერთი სიტყვით ხელზე მოსამსახურე, რომელსაც ფულს არ გადაუხდიდა. იმ კაცს, რომელმაც გამზარდა და რომელიც მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ელ პასოში, მექსიკის საზღვართან პატარა სასტუმრო და იმაზე უფრო პატარა სასადილო ჰქონდა. მაგით ცხოვრობდა. მაგრამ ისეც არ იყო საქმე, რომ ვთქვა – თავი გაჰქონდა-მეთქი. მშვენივრად ცხოვრობდა _ ბევრი ფული ჰქონდა. დიახ, ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფი იყო – ანანისტი: სასტუმროს ნომრების და სასადილოს ტუალეტებში ვიდეოკამერები ჰქონდა დამონტაჟებული და ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ჩართავდა და უყურებდა. ადვოკატმა პატარა გასაღები რომ მომცა, სეიფის გასაღები იყო, რომელშიც ფირები ინახებოდა. სეიფი გავაღე და კასეტების გადმოლაგება დავიწყე. არცერთის ნახვა არ მინდოდა, უბრალოდ კასეტებზე წარწერებს ვკითხულობდი. კასეტებზე ადამიანების სახელები და გვარები ეწერა და კიდევ თარიღები. სახელები საკმაოდ ცნობილი და საზოგადოების ღრმადპატივცემული წევრებისა იყო. ზოგიც უცნობი. ზოგ კასეტას კი არაფერი არ ეწერა. ერთერთზე კი ჩემი და ჩემი შეყვარებულის სახელი და გვარი ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, ფირი ჩავრთე. ფირზე აღბეჭდილი იყო როგორ ვესიყვარულებოდით ერთმანეთს მე და ჩემი შეყვარებული. უცებ კადრი გაწყდა და კადრში გამოჩნდა სასადილოს დამლაგებელი ბობი და ჩემი შეყვარებული. ისინი უნიტაზზე ისხდნენ და ჟიმაობდნენ, აქაოდა ვითომ ვერავინ გვხედავსო. ჩემს შეყვარებულს შევპირდი, მთელი ცხოვრება მეყვარები და არასოდეს გიღალატებ-მეთქი, მაგრამ აბა როგორ შევასრულო ჩემი სიტყვა, როცა ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჟიმაობს დამლაგებელ ბობთან ერთად. ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, შემზიზღდა. შემზიზღდა ის კაცი და მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა რაც მასთან მაკავშირებდა, გამენადგურებინა ყველაფერი რაც მას გამახსენებდა, დამეტოვებინა ელ პასო და გადავკარგულიყავი სადმე, შორს, ისე შორს სადამდეც წარსული ვერ მოაღწევდა, მაგრამ ვერ გავბედე. ეს ელ პასო კი ისეთი მოწყენილი ქალაქია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეა, მზე კი აქ ყოველდღე და თან ძალიან მხურვალეა, რომ სხვა გზა არ მაქვს – ახლა მე ვიწყებ თვალთვალს და ვაარსებ ვებ-გვერდს Toilet.cam 14/12/2006