Wednesday, December 23, 2009

Toilet.cam

ის კაცი, რომელმაც გამზარდა, მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო. შენი მშობლები მაშინ გარდაიცვალნენ, როდესაც ატაკამას უდაბნოში ერთერთი ყველაზე მხურვალე დღე იდგაო. როგორც ის კაცი მიყვებოდა მამაჩემი და დედაჩემი ჩილეში, ატაკამას უდაბნოს ერთერთ ყველაზე ცხელ ადგილას, ქალაქ კოპიაპოში ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც სიცხეთა სიცხე ყოფილა, ღამე ძილი შეუძლებელი გამხდარა და მამაჩემს და დედაჩემს გადაუწყვეტიათ მაცივრის კარი გამოვაღოთ, იქვე, იატაკზე ზეწარი გავშალოთ და იმაზე დავიძინოთო. ასეც უქნიათ. დილას კი ვერცერთმა ვერ გაიღვიძა. საქმე იმაშია, რომ თავები გაღებული მაცივრისკენ უქნიათ და თურმე იმ მაცივარს ისეთი უბედური გაყინვა შეეძლო, ჩემი მშობლებიც გაყინა. როდესაც მკვდრები ნახეს ერთმანეთზე ისე ყოფილან მიყინულნი გარეთ გაუყვანიათ და მზის გულზე დაუწვენიათ, იქნებ გალღვნენ და ერთმანეთს დავაცილოთო, მაგრამ არ ინება ღმერთმა მამაჩემის და დედაჩემის ერთი მეორისგან დაშორება და ხალხსაც სხვა გზა არ ჰქონდა – ერთ, ძალიან განიერ კუბოში ჩააწვინეს და იქვე, თავიანთი სახლის ეზოში დამარხეს. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მჯეროდა ამ ამბის, მაგრამ ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, ჩემთვის ავტორიტეტი იყო და ძალაუნებურად უნდა დამეჯერა ჩემი მშობლების უცნაური გარდაცვალება. როგორც უკვე გითხარით, ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, ჩემთვის ავტორიტეტი იყო. დიახ, სწორედაც რომ იყო და აღარ არის – ის გუშინ გარდაიცვალა და შემიძლია თამამად განვაცხადო არც მისი გარდაცვალება იყო ჩემი მშობლების გარდაცვალებაზე ნაკლებად უცნაური: ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა _ ნესტოები გაიფართოვა. ოპერაციამდე ისეთი პატარა ნესტოები ჰქონდა თითქმის ვერ სუნთქავდა. ხოდა, ნესტოების გაფართოების შემდეგ ისეთი სუნთქვა დაიწყო, რომ ჩასუნთქვისას გარშემომყოფთ უჰაერობა სტანჯავდა. ერთი კვირის წინ სახლიდან რომ გავიდა, ბაღში ყვავილების მორწყვას აპირებდა, კიბეზე ფეხი აუსრიალდა და პირდაპირ სახით მიწას დაენარცხა. გახარებულმა, აქაოდა არაფერი მომსვლიაო, მიწაზე დადებული ცხვირით ღრმად ჩაისუნთქა და პირით ამოისუნთქა. მართლაც არაფერი მოსვლია, მხოლოდ მუხლები ჰქონდა გადაყვლეფილი, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული ექვსი დღის განმავლობაში გიჟივით დადიოდა და იძახდა ტვინი მეფხანებაო და თავს ისე იფხანდა სისხლები სდიოდა. როცა მიხვდა ფხანვაში თმა მიშლის ხელსო, თავი გადაიპარსა. იფხანდა და იფხანდა, სულ დასისხლიანებული იყო. ექიმთან რომ მივიდა, იმან უთხრა, ნერვების ბრალიაო და დამამშვიდებლები დაუნიშნა, მაგრამ არაფერმა უშველა და მიწაზე დანარცხებიდან ექვსი დღის თავზე გარდაიცვალა. როდესაც გაკვეთეს, მის ტვინში სამი ჭიანჭველა და ერთიც ჭიამაია იპოვნეს. ცოცხლები. თურმე, რომ დაცემულა და სიხარულისგან ცხვირით ღრმად ჩაუსუნთქავს და პირით ამოუსუნთქავს, აქაოდა არაფერი მომსვლიაო, შესუნთქვისას ჭიანჭველები და ჭიამაიაც პირდაპირ სასუნთქ მილში გადაუშვია. როგორ და რა გზით მოხვდნენ ჭიანჭველები და ჭიამაია ტვინში, ეს ჩემთვისაც და ექიმებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, მაგრამ რომც გაგვეგო, როგორ მოხვდნენ მის ტვინში ეს მკვლელი მწერები, საქმეს მაინც არ ეშველებოდა – ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, უკვე მორგში, საოპერაციო მაგიდაზე იწვა ქალაახდილი და გაკვეთილი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნება ბაბუაშენის ადვოკატი ვარ და ბაბუაშენის ანდერძი უნდა გადმოგცეო. გადმომცა, ხვალ დამირეკეო მითხრა, სავიზიტო ბარათი დამიტოვა და წავიდა. ანდერძთან ერთად პატარა გასაღებიც მომცა. აქამდე, ანდერძი მხოლოდ ზღაპრებში მსმენია, მაგალითად, მდიდარი მევახშე რომ კვდება და მომაკვდავს შვილები ესევიან და ეხვეწებიან, ანდერძი დატოვეო. რაღაც უჩვეულო კი იყო ეს ანდერძი, მაგრამ თუ არ ვნახავდი ვერასოდეს გავიგებდი რა ეწერა მასში და საერთოდ, ანდერძის ხიბლს ვერასოდეს გავიგებდი. გავხსენი ოფიციალურად დალუქული კონვერტი და დავიწყე კითხვა. ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო და რომლის დარი ავტორიტეტიც ჩემთვის არავინ ყოფილა, ანანისტი აღმოჩნდა! დიახ, ანანისტი! ანანისტი და მატყუარა: ჩემი მშობლები არც ატაკამას უდაბნოში ცხოვრობდნენ და არც მაცივარს მოუკლავს ისინი. დედაჩემი ერთი ბინძური, დალასელი ძუკნა იყო, რომელიც თავისნაირივე ნაბიჭვრისგან დაორსულდა და გამაჩინა. გამაჩინა თუ არა, მიუსაფარ ბავშვთა სახლის კართან დამაგდო და წავიდა. ალბათ, ახლაც ცოცხალია და სადმე ცხოვრობს, ფურგონში. ის კაცი კი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ბაბუაჩემი არ ყოფილა და ბავშვთა სახლიდან იმიტომ წამოვუყვანივარ, რომ მარტო ცხოვრება ეზარებოდა და იცოდა, მალე ასაკში შევიდოდა და ვინმე დამხმარე დასჭირდებოდა, აი ისეთი, წყალს რომ მოუტანდა, ლუდზე რომ გააგზავნიდა... ერთი სიტყვით ხელზე მოსამსახურე, რომელსაც ფულს არ გადაუხდიდა. იმ კაცს, რომელმაც გამზარდა და რომელიც მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ელ პასოში, მექსიკის საზღვართან პატარა სასტუმრო და იმაზე უფრო პატარა სასადილო ჰქონდა. მაგით ცხოვრობდა. მაგრამ ისეც არ იყო საქმე, რომ ვთქვა – თავი გაჰქონდა-მეთქი. მშვენივრად ცხოვრობდა _ ბევრი ფული ჰქონდა. დიახ, ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფი იყო – ანანისტი: სასტუმროს ნომრების და სასადილოს ტუალეტებში ვიდეოკამერები ჰქონდა დამონტაჟებული და ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ჩართავდა და უყურებდა. ადვოკატმა პატარა გასაღები რომ მომცა, სეიფის გასაღები იყო, რომელშიც ფირები ინახებოდა. სეიფი გავაღე და კასეტების გადმოლაგება დავიწყე. არცერთის ნახვა არ მინდოდა, უბრალოდ კასეტებზე წარწერებს ვკითხულობდი. კასეტებზე ადამიანების სახელები და გვარები ეწერა და კიდევ თარიღები. სახელები საკმაოდ ცნობილი და საზოგადოების ღრმადპატივცემული წევრებისა იყო. ზოგიც უცნობი. ზოგ კასეტას კი არაფერი არ ეწერა. ერთერთზე კი ჩემი და ჩემი შეყვარებულის სახელი და გვარი ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, ფირი ჩავრთე. ფირზე აღბეჭდილი იყო როგორ ვესიყვარულებოდით ერთმანეთს მე და ჩემი შეყვარებული. უცებ კადრი გაწყდა და კადრში გამოჩნდა სასადილოს დამლაგებელი ბობი და ჩემი შეყვარებული. ისინი უნიტაზზე ისხდნენ და ჟიმაობდნენ, აქაოდა ვითომ ვერავინ გვხედავსო. ჩემს შეყვარებულს შევპირდი, მთელი ცხოვრება მეყვარები და არასოდეს გიღალატებ-მეთქი, მაგრამ აბა როგორ შევასრულო ჩემი სიტყვა, როცა ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჟიმაობს დამლაგებელ ბობთან ერთად. ის კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, შემზიზღდა. შემზიზღდა ის კაცი და მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა რაც მასთან მაკავშირებდა, გამენადგურებინა ყველაფერი რაც მას გამახსენებდა, დამეტოვებინა ელ პასო და გადავკარგულიყავი სადმე, შორს, ისე შორს სადამდეც წარსული ვერ მოაღწევდა, მაგრამ ვერ გავბედე. ეს ელ პასო კი ისეთი მოწყენილი ქალაქია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეა, მზე კი აქ ყოველდღე და თან ძალიან მხურვალეა, რომ სხვა გზა არ მაქვს – ახლა მე ვიწყებ თვალთვალს და ვაარსებ ვებ-გვერდს Toilet.cam 14/12/2006

Wednesday, October 21, 2009

იმიტომ, რომ სვეტიცხოვლობაა ანუ ყელამდე ნეხვში...

14 ოქტომბერი ჩემთვის ძალიან საინტერესო დღე გამოდგა. მოგეხსენებათ, ქართველი მართლმადიდებლები ამ დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ, ხოდა რა გასაკვირია, რომ ყველაფერი რაც მე გადამხდა სწორედ ამ დღესასწაულთან პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია. ამბავი პირველი: შენი არჩევანი კარგად იცით ტაქსისტების ისტორიები, ადრე, რომ ტრესტის უფროსები იყვნენ; მაგარი ნაშებიი რო უჯდებიან, ფულის მაგივრად სექსს სთავაზობენ, მაგრამ ესენი რო არ კადრულობენ – ჩემი შვილის ტოლი გოგო ხარ და რამე... და კიდე რამდენიმე “სროკი” რო აქვთ ნაკატავები და ეგეთები. მაგრამ, ჩემი ტაქსისტის ისტორია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალმნიშვნელოვანი იყო. როგორც წესი, მძღოლებთან არ ვლაპარაკობ, არა იმიტომ, რომ რამე პრინციპები მაქვს, არა, უბრალოდ, მაგ დროს ვფიქრობ ხოლმე. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, საფიქრალი ძალიან ბევრი მაქვს, ხოდა მეც ვფიქრობ. ამიტომაც, ყოველგვარი შესავლის გარეშე ტაქსისტმა ლექსომ დაიწყო: აი, ეხლა, სულ რაღაც ერთი საათის წინ კლიენტი ისანში წავიყვანე. ისნის მეტრომდე არმისული, რას ვხედავ, ქართველი გოგო-ბიჭები გამოსულები არიან ქუჩაში, ტელევიზორი აქვთ ჩართული იმაზე, აი, მაესტრო თუ რაღაც რო არის და ცეკვავენ. მივხვდი რო ისტორია ამით არ დასრულებულა და ხმა არ ამომიღია, დავინტერესდი რა გახდა ამ კეთილშობილი კაცის აღსფოთების მიზეზი-მეთქი. არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ლექსო იმან აღაშფოთა, რომ იმ ქართველ გოგო-ბიჭებთან ერთად ვიღაც “ზანგიც” (სტილი დაცულია – ს.ნ.) ცეკვავდა, რომელიც გარდა იმისა, რომ “ზანგი” იყო, მთვრალიც ყოფილა. მაშინ მივხვდი თუ რატომ მოყვა ეს ამბავი – ბარნოვზე ავტო-სამრეცხაოა, სადაც ორი შავკანიანი მუშაობს, ხოდა ისინი დაინახა და გაახსენდა. ან მოიგონა, ღმერთმა იცის. მაგრამ, ჯანდაბას ტაქსისტიც, ის გოგო-ბიჭებიც და ზანგებიც, ყველაფერი საინტერესო წინ არის. ზანგის დანახვით ისე აღშფოთდა თეთრი ლექსო, კლიენტი აინუნშიც არ ჩაუგდია, გაუჩერებია მანქანა, გადასულა და თურმე იმ ახალგაზრდებისთვის უთქვამს: შვილებო, ჩემი შვილიშვილების ტოლები ხართ... დღეს სვეტიცხოვლობაა და არ გრცხვენიათ რას აკეთებთ... ამ ზანგთან როგორ ცეკვავთ..! ლექსოს მანქანიდან ისე გადმოვედი ხმა არ ამომიღია. არა იმიტომ, რომ “კაი, რა, ამას რა უნდა ველაპარაკო და რამე”, არა, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა და თან არც მინდოდა რამე მეთქვა. იმ გოგო-ბიჭების პასუხი კი, უფრო სწორად კი ერთერთი გოგოსი, გენიალური იყო: შენ ვინ გეკითხება, მე მინდა ზანგთან ვიცეკვებ, მინდა “ლეზბიანკას” ვაკოცებ ძუძუს თავებზე... ეგეც შენ, ჩემო ლექსო! ეს ერთერთი ყველაზე მაგარი პასუხი იყო რაც კი ამ ბოლო დროს მსმენია, ლექსო კი ისეთივე აღშფოთებული დავტოვე მანქანაში, როგორიც მანამდე იყო. მართლაც ვინ ეკითხება ლექსოს, ან გრიშას ან ვახოს ან სანდროს, ვისთან იცეკვებს ისნელი გოგო და საერთოდ, რატომ ფიქრობს ამაზე?! რატომ თვლის, რომ რახან სვეტიცხოვლობაა არ შეიძლება ზანგთან ცეკვა?! თუმცა, სვეტიცხოვლობა არაფერ შუაშია, ასეთივე დამოკიდებულება ექნებოდა ლექსოს ჭმინდა ვალენტინის და მეშახტის დღესაც. და მე მაშინ მივხვდი, ამ ქვეყანაში არ შეიცვლება ცნობიერება ვიდრე მთლიანად არ გამოიცვლება თაობა, ვიდრე ჩემი შვილი არ დაბერდება და არ ეყოლება შვილიშვილები, იმათ კი თავისი შვილიშვილები და კიდე იმას მივხვდი, რომ უნდა გიხაროდეს, როდესაც ტელევიზორში ვიღაც ტიპს ხედავ, რომელიც დიმა ბილანს ბაძავს (გემოვნება სხვა საკითხია) და უნდა გიხაროდეს იმიტომ, რომ იმას აკეთებს რაც უნდა და სულ ცალ ფეხზე კიდია სხვისი აზრი; უნდა გიხაროდეს, როდესაც გაიგებ რომ ვიღაც გრუზინმა გოგომ ისლამი მიიღო და უნდა გიხაროდეს იმიტომ, რომ მას ცალ ფეხზე კიდია რას იტყვიან მასზე; უბედნიერეს ადამიანად უნდა ჩათვალო თავი, როდესაც შეიტყობ, რომ თბილისში ნუდისტების მსვლელობას შენი უამრავი მეგობარი შეუერთდა და უნდა გიხაროდეს იმიტომ, რომ მათ სულ კიდიათ რას იფიქრებს ხალხი. და მე მივხვდი, იქამდე სანამ შენი არჩევანი ჩემი განსჯის თემა იქნება, ჩვენ ყელამდე ნეხვში ვიქნებით. ამბავი მეორე: ჩემი პოზა სახლში რო დავბრუნდი უკვე ბნელოდა. სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში შევედი და ჩემდა საბედნიეროდ (იმ წუთში მეგონა, რომ საუბედუროდ) ჩემი მეგობრის მამა შემხვდა, რომელიც არაადამიანურად (ასე უწოდა თავის მდგომარეობას) მთვრალი იყო. დიდი მიკითხვა-მოკითხვა არ აგვიტეხავს – ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მცხეთაში ვიყავით და ეხლა ელერდაშვილთან (ვინმე ელერდაშვილი, მისი მეგობარი) ვაგრძელებთო. სიგარეტი მან მიყიდა. გამოვედით გარეთ და სანამ დავემშვიდობებოდი მითხრა: იცი რა, სანდრო, ჩემზე რო იყოს დამოკიდებული მთელ თქვენს რედაქციას (გულისხმობ "ცხელი შოკოლადის" რედაქციას) ჩემტან, კარდენახში გადაგიყვანდით და იქიდან გამოსვლას ერთი წლის განმავლობაში აგიკრძალავდით... ჩემთან ხო ნამყოფი ხარ კარდენახში?.. ჩემ მეზობლებს და ნათესავებს ხო იცნობ?.. ხოდა მანდ უნდა გაკეთებინოთ ეგ ჟურნალი. ბიჭო ვისთვის აკეთებთ მაგ ჟურნალს, იაპონელებისთვის თუ მარტო თქვენთვის?! რა უბედურებაა ამერიკის არჩევნებს რო მიუძღვენით ორასი ნომერი და მაღალფარდოვანი სიტყვებით გვიკითხავთ მორალს?!... მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი მეგობრის მამა ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, "ცხელი შოკოლადის" ტემა არასოდეს წამოუწევია. თუმცა კი ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთგული მკითხველი იყო. ყველაფერი ასე უცებ არ დამთავრებულა, ნახევარი საათი მაინც მოანდომა ჩემ და ამათ (!) ლანძღვას. სიტყვა სიტყვით ვერა, მაგრამ მოკლე შინაარს მოგიყვებით. მას არ მოსწონს, როდესაც ჩვენ ვწერთ, მაგალითად გიორგი ჭანტურიას რეპლიკაზე “პედარასტი”. ეგ ამბავი არ იყო ისეთი შემაშფოთებელი, როგორი ამბავიც თქვენ ატეხეთ თქვენ ჟურნალში და მერე ტელევიზიაშიც. როცა ადამიანს პირისპირ ელაპარაკები, ვინც არ უნდა იყოს ის, შეიძლება ჟარგონიც გამოიყენოს და სხვა უფრო უხეში სიტყვაც, მაგრამ ეს ხო არ არის კატასტროფა. ეგ სიტყვა – “პედარასტი” – იმ სტატიაში (დისკუსია იყო, მაგრამ მე არ დამიწყია ახსნა, აზრი არ ქონდა), ალბატ, ყველაზე საინტერესო რამ იყო და ამიტომაც ატეხეთ ამბავი. გარდა ამისა, შენ როგორ წარმოგიდგენია რო ადგე და დღეს, ყოველგვარი მომზადების გარეშე მაგათზე (ჰომოსექსუალებზე) გააკეთო გადაცემა, ან პირდაპირ ეთერში დასვა, სწორი იქნება? ასე ადვილად არ ხდება ყველაფერი. თუ მაინცდამაინც ამას მოითხოვთ მაშინ ნიადაგი უნდა შეამზადოთ, საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის მზად. რო დაესვა იმ ჭანტურიას ჰომოსექსუალი პირდაპირ ეთერში და გადაცემის დასრულების შემდეგ ვინმე მივარდნოდა და თავი გაეტეხა მაგისთვის, აიღებდიტ პასუხისმგებლობას შენ ან შენი კოლეგები? ასე არ შეიძლება. თქვენ ეტყობა გგონიათ, რომ იმ ამერიკაში, ყველაფერი ასე, ხელის ერთი მოსმით მოხდა? ან ის სამოქალაქო ფასეულობები რაზეც ტრიბუნიდან მელაპარაკებით? ან იმაზე მიპასუხე ძალიან გთხოვ, რატომ იყო შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ობამას გამარჯვება? სინამდვილეში, მე მაკკეინის გამარჯვება მინდოდა; სინამდვილეში მე კარდენახშიც ვარ ნამყოფი ჩემი მეგობრის (და მამამისის) სახლში; სინამდვილეში მე მათ ნათესავებსაც და მეზობლებსაც ვიცნობ და სინამდვილეში მივხვდი რაზეც მელაპარაკებოდა მთელი ნახევარი საათი. როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში სახელად საქართველო, ცხოვრობ საქართველოში სადაც არ არის სასამართლო, ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველ დღეს, არ გაქვს ხელფასი, გყავს ნახევარი მილიონი დევნილი, კიდევ ამდენი ემიგრაციაშია, დგახარ დემოგრაფიული პრობლემების წინაშე, ტერიტორიების დაკარგვის (ნუ, კაი, დაკარგული ტერიტორიების) საშიშროების წინაშე, არ გაქვს ეკონომიკა, არ გაქვს განათლების სისტემა, არ გაქვს პური და გაქვს მარტო წყალი და ომგამოვლილს ამერიკელები წყლით გეხმარებიან, უნდა დაფიქრდე, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ობამა თუ ავნეველი გლეხი. და თუ შენ იმ წუთში მაინც ფიქრობ, რომ ობამა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ავნეველი გლეხი, იმიტომ, რომ, ალბათ, მოვა დრო და ობამა და თევზის ჭერას გვასწავლის, მაშინ არ უნდა გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ შენ საღად და გლობალურად აზროვნებ და შესაბამისად არც ცხოვრება უნდა მასწავლო დასავლურ მაგალითებზე. და თუ ხვდები, რომ ავნეველი გლეხის საპირწონე ობამა ვერ არის და მაინც ყეს წე ცან-ს იძახი, მაშინ ეს უკვე პოზაა. პოზა, რომლის თავადაც არ გჯერა, მაგრამ მაინც იკმაყოფილებ ყოვლისმცოდნეობის ამბიციას და ჭკუას მასწავლი. და მე მივხვდი, რომ იქამდე ვიდრე მე მენტორის პოზაში მყოფი ცხოვრებას გასწავლით ყელამდე ნეხვში ვიქნებით. ამბავი მესამე და უკანასკნელი: სიბნელე დაახლოებიტ ღამის სამის ნახევარზე ინბოხ-ი სჰევამოცმე. ჩემ მეგობარს წერილი მოეწერა. ის სან ფრანსისკოში ცხოვრობს. ხშირად ვწერთ ერთმანეთს, თუმცა ძალიან იშვიათად ვკითხულობ მის წერილებს, რადგან ვიცი რა შინაარსისაც იქნება - ძირიტადად იმაზე ტირის თუ როგორ ენატრება საქართველო. მე ამაზე რამდენჯერმე ვუპასუხე - მერე ადექი და ჩამოდი, რა გატირებს-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ისე მაგრად ენატრება, ფრისკოში და ძალიან გემრიელ ცხოვრებასი გაცვალოს. ერთი სიტყვით, მხოლოდ წუწუნებს და ამიტომაც არ ვკითხულობ მის წერილებს. მაგრამ, რატომგაც ეს წერილი წავიკითხე და არც ვნანობ. მიყვებოდა ამბავს, რომელიც ივლისში დაიწყო, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა სან ფრანცისკოს პოლიციის წინააღმდეგ. ივლისის შუა იცხვებში სან ფრანცისკოს პოლიციამ სპეც-ოპერაცი ჩაატარა, რის შედეგადაც ჩემი მეგობრის სახლში შევარდნენ და ის აიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სნ ფრანცისკოს პოლიცია არათუ სახლი, ქუჩაც კი შეშლიათ. რა თქმა უნდა ჩემი მეგობარი მალევე გამოუშვეს, მაგრამ მან იჩივლა და იმ გამეს წერილში სწორედ იმას მწერდა, რომ პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა. ეს ძალიან კარგი და საინტერესო ამბავი იყო, მაგრამ უფრო საინტერესო წინ იყო. ჩემი მეგობარი თვლის, რომ მის გამარჯვებაში დიდი წვლილი მისი და ღმერთის ურთიერთობას მიუძღვის; კიდევ ლოცვებს, რომელსაც ის ყოველდღე აღავლენდა; ხატებს, რომლის კუთხეც სახლის ყველა ოთახის ყველა კედელზე აქვს.და ბოლოს რა თქმა უნდა სვეტიცხოვლობასაც, იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს დასრულდა პროცესი. ოგონდ, ამაზე ისეთი სერიოზულობით მელაპარაკებოდა, ისე ღრმად განიხილავდა თითოეულ ფაქტორს (საერთო ჯამში კი ფაქტორი ერთადერთი იყო - ღმერთი) ეჭვი შემეპარა ხომ არ მასულელებს-მეთქი, მაგრამ არა. და მე მივხვდი, რომ თუ ცოტა არ იკითხე რელიგია (განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებლობა) ჩაყოფს ხელს შენს თავში და იმ ცოტა ტვინსაც ამოგაცლის, რაც გაქვს. მერე კი შენი მართვა სულ უფრო ადვილი გახდება და შენ დაიჯერებ ყველაფერს რასაც იქადაგებენ მიტროპოლიტები და არქიმანდრიტები, მერე შენ ყველაფერ ამას ცხოვრებაში შეასრულებ და მერე ეს შენი ცხოვრება გახდება, ბნელი ცხოვრება, რომელიც შენს წარმოსახვას და ცნობიერებას ბოლოს მოუღებს. ჩემი მეგობარი, რომელიც უკვე აღარ ვიცი რამდენი წელია ამრიკაში ცხოვრობს და რომელმაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პოლიციის წინააღმდეგ საქმე მოიგო, ერთი წამითაც არ უშვებს აზრს, რომ ეს კანონის უზენაოსობაა. მისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნებაა. და მე მივხვდი, თუ ამბავი რომელიც ჩემს მეგობარს ტავს გადახდა, ანუ ის რომ მართალი იყო და ამ სიმართლემ იზეიმა ღვთის ნებაა, მაშინ ჩვენთან, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს ღვთის ნება, რომ ჩვენ, ქართველებმა მშვიდ და სამართლიან რესპუბლიკაში ვიცხოვროთ და ამიტომაც ჩვენ არ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. და მე მივხვდი, რომ ჩვენ ერთი გაუნათლებელი, უპასუხისმგებლო, ზარმაცი, მაგრმ ამბიციური ერი ვართ, რომლის ამბიციაც იქ ქრება სადაც საქმის კეთებაა აუცულებელი და სანამ ეს ასე იქნება, ჩვენ ყელამდე ნეხვში ვიქნებით. თბილისი სანდრო ნავერიანი 19/10/09

Friday, October 16, 2009

ტროტუარი - დაკარგული ტერიტორია

ერთ მშვენიერ დილასაც ზანდუკელის და ბარნოვის კუთხეში მაგარი ხმაური დამხვდა. ხმაურტან ერტად ერტი ცჰემი ახლობელი, რომელიც ყველაზე მეტს ხმაურობდა და საერთოდაც, ერთადერთი ეგ ხმაურობდა იმიტომ, რომ იქ სხვა არავინ იყო მისი ბასეტის გარდა. ძაღლი არ ყეფდა. ნუ, "სამასაბოი", მივედი და ვეკითხები რა ხდება და რამე-რუმე, და საერთოდ ეს ვისი ძაღლია, ბავშვი რა უყავი-მეთქი. ხოდა, მაგიტომაც ვყვირი და ვიგინები, აბა შენ მართლა გიჟი ხო არ გგონივარო. და დაიწყო: სანდრიკ, ხო იცი, ყოველ დილით გამოვდივარ გარეთ და დავდივარ, უბრალოდ რა... ხოდა რაც ცოლი მოვიყვანე მე და ცოლი დავდიოდით... მერე ბავშვი შეგვეძინა და თავისთავად მე და ის... მაგრამ ვეღარ გამომყავს სასეირნოდ. ტროტუარზე მანქანები ისეა გაჩერებული ფანჯრებში აქვთ შეყოფილი ცხვირები; ქუჩაზე, თავისთავად, მაგისთვის არის საერთოდაც, ხოდა არც მე ვარ ტარზანი და არც ჩემი შვილი ხიდან ხეზე რო ვიხტუნაოთ, სხვანაირად კი არ გამოდის - გზაზე მეშინია ვინმე გამოსირებულმა არ გვხიოს. მოკლედ, გადავწყვიტე, სანამ საკაიფოდ არ აიდგამს ფეხს დილაობით გარეთ აღარ გამოვიყვან - არ ეტევა რა ეს "კალიასკა" (ნუ, ეტლი რა) არსად, რა. და ეს ძაღლი? ეს ძაღლი, ეხლა დავითრიე, რამდენიმე კვირაა... გვალია გახსოვს?... სკოლაში რო დაყავდა ის დებილი "ჩერჩილი", იმის შვილია... თუ შვილიშვილი... მოკლედ, სერიოზულად გეუბნები, დავითრიე იმიტო რო დილით სასეირნოდ რო გამოვიდოდი მარტო არ ვყოფილიყავი... ამ ჩემ ახლობელს ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები სკოლაშიც ჰქონდა და დღესაც რაღაც ტრანკვილიზატორებს სვამს, ფსიქოლოგთან დადის და ეგეთი ამბები - ცდილობს თავი აკონტროლოს. ხოდა ძაღლიც იმ ფსიქოლოგის ჩაწვეთებულია. იმ დილით, თურმე მის ძაღლს ვირაცის ფანჯრებს და მანქანს შორის არსებულ 30 სანტიმეტრიან მონაკვეთში მოუჯვამს, სახლის და მანქანის პატრონს (ერთი და იგივე სუბიექტი) ეს ყველაფერი დაუნახავს და გამოცვენილა და აუტეხავს ერთი ამბავი. ამან კი ჩართო თავისი ტანტრა თუ რაღაც ეგეთი აღმოსავლური "თავკონტროლი" და მშვიდად ცდილობდა აეხსნა ყველაფერი. ერთი ატჟერ მაინც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა - მეთქი, ბავშვს ვერ ვასეირნებ და ჯანდაბას, კაი, მაგრამ ეხლა რა გინდათ რო ძაღლიც აღარ ვასეირნო? ის მეუბნება, ბავშვს ქუჩასი რა უნდა, წადი პარკში ჩაიყვანეო. მე კი ვეუბნები, პარკამდე ხო უნდა მივიდე-მეთქი. აბა მე რა ვქნა, მანქანა სად წავიყვანოო? მე კი ვუთხარი, კაი, მაშინ მეორე შვილს აღარ გავაკეთებ და ამ პირველზეც ბოდიში და ძღლზე ხო საერთოდ, სახლში რო მივალ დავკლავ-მეთქი... და არ დამიწყო რას მეკაიფები ამხელა კაცი ვარო, ისა ვარო, ესა ვარო... ხოდა, დავიკიდე და წამოვედი. მარა ბოლომდე ვერ გავქაჩე და აი აქ (ბაროვის და ზანდუკელის კუთხეში) ამომასხა და დავიწყე გინება... მარა, მაინც კარგია რო იმასთან თავი მოვთოკე... იმ დღის მერე, ვაკვირდები როგორ აყენია მანქანები ტროტუარებზე და ზუსტად ისე აყენია, როგორც ჩემი ახლობელი ამბობდა. ხოდა, აწი, ალბათ, ჯობს მეც ვიფიქრო მინდა თუ არა მეორე შვილი. აბა, რათ მინდა შვილი თუ ვერ ვასეირნე, მართლა ტარზანი ხო არ ვარ ხიდან ხეზე ვიხტუნაო?!